|
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი" (არგფო) დაარსდა 1995 წლის ივნისში. ორგანიზაცია თავდაპირველად (1995-1999) აერთიანებდა ფსიქოლოგებსა და ექიმებს, ანხორციელებდა ლტოლვილთა და დევნილთა, სოციალურად დაუცველ პირთა ფსიქო-სოციალური დახმარებისა და ტრავმის დაძლევის პროექტებს. შემდგომში მის ირგვლივ გაერთიანდნენ სხვადასხვა მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების გადაწყვეტისა და მშვიდობის შენების პროექტებზე მუშაობდნენ. 2001-2008 წლებში არგფო ანხორციელებდა ინტერეთნიკური ურთიერთობების მართვისა და ტოლერანტობის პროექტებს სამცხე-ჯავახეთში, ასევე ქვემო და შიდა ქართლში.
მოცემულ ეტაპზე ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი ინტენსიურად ატარებს სიღარიბის დაძლევის, ფინანსური შემძლეობის – წარმატებისა და ბედნიერების ტრენინგებს. არგფო–ს ერთ–ერთი ძირითადი საქმიანობაა ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობა შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და ტრავმის დაძლევის მიმართულებით. ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში ნერგავს ბავშვთა სოციალური და ფინანსური სწავლების პროგრამებს.
ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის მისიაა, ხელი შეუწყოს ადამიანებს თვითრეალიზაციასა და საკუთარი პოტენციალების გაშლაში. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, მაგრამ მთავარია, საზოგადოების ჰუმანიზაცია და ადამიანის რესურსების განვითარებაზე ზრუნვა. არგფოს მიზანია, ადამიანებში იმ უნარ-ჩვევების დანერგვა, რაც საკუთარი ძალისხმევით წარმატების მიღწევაზე ორიენტირებულობას აღნიშნავს და არა სხვათა მხრიდან შემწეობისა და დახმარების მიღების რეგულარულ მცდელობას. ადამიანი ბედნიერებისა და თავისუფლებისათვის არის გაჩენილი, მისი პასუხისმგებლობა და არჩევანია, თუ როგორ ააშენებს საკუთარ თავისუფალ და ბედნიერ ცხოვრებას. აღნიშნული მისია ხორციელდება პროექტებით, რომლებიც წლების განმავლობაში შემდეგი მიმდინარეობების სახით არის წარმოდგენილი:
- სოციალურად დაუცველი ადამიანების ფსიქო-სოციალური დახმარება და გაძლიერება
- მშვიდობის შენება და კონფლიქტების გადაწყვეტა
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
- სიღარიბის დაძლევა და ბიზნეს ტრენინგები
- ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვისა და ტოლერანტობის პროგრამები
- ბავშვთა და მოზართა შემოქმედებითი თვითგამოხატვა და სოციალური მეწარმეობის სწავლება
- წარმატების, სიმდიდრის და ბედნიერების ტრენინგები.
ჩვენი კრედოა, განვავითაროთ და გავაღვიძოთ პიროვნების შინაგანი პოტენციალი (რესურსები), რათა მან საკუთარი ძალისხმევით დასძლიოს ტრავმა და სხვადასხვა სიძნელე; რათა მან საკუთარ თავში გააღვიძოს ხანგრძლივი ბედნიერების გრძნობა, მიაღწიოს ფინანსურ შემძლეობას და მისთვის სათანადო წარმატებას.
|